მეგრული ენის საღამო ზუგდიდში - „არ დაგვავიწყდეს – აიეტის შთამომავლები ვართ!“(VIEO)

მეგრული ენის საღამო ზუგდიდში - „არ დაგვავიწყდეს – აიეტის შთამომავლები ვართ!“(VIEO)

ზუგდიდში კინოთეატრ „ატრიუმის “ შენობაში სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ინიციატივით მეგრული ენის დღე აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი მწერლები, პოეტები და ენათმეცნიერები ესწრებოდნენ. საღამო მეგრულ ენაზე მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელი შეკრება ემსახურება გაქრობის წინაშე მდგომი მეგრული ენის გადარჩენას. „აიეტის შთამომავლები ვართ, გვწამდეს, მზის შვილები ვართ. ნუ შევეგუებით კაცობრიობის სათვალავიდან ჩვენს გაქრობას. “

თანამემამულენო! მამულიშვილნო! ათასწლეულების ქარტეხილებიდან გამოღწეულო ჩემო ჯიშო და ჯილაგო! მსურს დაგარწმუნოთ იმაში, რომ 29 მაისის მეგრული ენის დღედ გამოცხადება და ზუგდიდში, კინოთეატრ ,,ატრიუმში” ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმოდ აღნიშვნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უძველესი, მაგრამ გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენის გადარჩენას! არ დაგიმალავთ, რომ ეს ურთულესი ამოცანაა! რა თქმა უნდა, ამ რეალობაში, ამ ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებაში, რაც მთავარია ასეთ ხელისუფალთა ხელში, მიზნად დაისახო ასეთი რამ, ბევრის თვალში შესაძლოა, მეტისმეტად ამბიციურად ჩანდეს… და ცხადია, ამაში არის სიმართლის რაღაც ნატამალიც! მაგრამ, დიადი იდეალებისთვის სიცოცხლე და ბრძოლაც ხომ, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა! ასე, რომ ბრძოლა გაგრძელდება და მწამს, თუ ჩვენ შევძლებთ საკითხის აქტუალიზებას! თუ მოვახერხრბთ დაქსაქსული იდეური თანამოაზრეების კონსოლიდირებას! მაშინ, ჩვენი თვითმყოფადობის გამომხატველი უპირველესი ნიშანის – მეგრული ენის გადარჩენის შანსიც წარმოუდგენლად გაიზრდება!!! ახლა კი, ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობით მოვეკიდოთ ერთმანეთის საქმიანობას! ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულნი! გვახსოვდეს, რომ წინაპართა სულები ზეციდან დაგვყურებენ! არ დაგვავიწყდეს – აიეტის შთამომავლები ვართ! გვწამდეს – მზის შვილები ვართ! ნუ შევეგუებით კაცობრიობის სათვალავიდან ჩვენს გაქრობას!“, – აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.