შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან (ვიდეო)

შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო პოლიციისა და განათლების სფეროში  გამოცდილების გაზიარებაზე. ირაკლი ალასანიამ კოლეგას აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის  სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს. „აზერბაიჯანი არის საქართველოს არა მხოლოდ ისტორიული მეზობელი, არამედ დღეს ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობები, ენდობა ერთმანეთს და ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობას ორივე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად.

დღეს, ბატონ მინისტრთან ერთად  განვიხილეთ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები. ვისაუბრეთ სამხედრო ინდუსტრიების ფორმატში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლაზე. ჩვენ ასევე, შევეხეთ სამმხრივ ფორმატს - საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე.

საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა სამიტი აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სახელმწფოს ხელმძღვანელების მონაწილეობით, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სამივე სახელმწიფოს პოლიტიკური ნება გააღრმავონ სამმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. დღეს, საქართველოს და აზერბაიჯანის მინისტრი გიდასტურებთ, რომ ჩვენ გავაღრმავებთ ყოვლისმომცველ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ზაკირ ჰასანოვმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „ბატონმა მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ ორ ქვეყენას შორის არსებობს საკმაოდ ღრმა ურთიერთობები. აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან საკმაოდ დიდი და ვრცელი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობები ყველა მიმართულებით  ვითარდება. საერთაშორისო არენაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ყველა სფეროში, ორ ქვეყანას შორის არსებობს კარგი ურთიერთობები. ჩვენი ხელმძღვანელობისგან გვაქვს მითითება, რომ სამხედრო სფეროშიც უნდა გვქონდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობაში საკმაოდ ფართო შესაძლებლობები არსებობს - სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და განათლების კუთხით. ჩემმა მეგობარმა, ძმამ, ბატონმა ალასანიამ ძალიან კარგად აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, თურქეთს და საქართველოს საკმაოდ კარგი სამმხრივი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ძლიერად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, ეს სიკეთეს მოუტანს სამივე ქვეყანას.“