"მოამბისთვის" დღეს ექსკლუზიურად ცნობილი ხდება იმ ფაქტის შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა. სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწის ჩამოშლამდე რამდენიმე საათით ადრე, სტიქიის ზონაში მიწისძვრა მოხდა, რამაც მყინვარზე ფენების გააქტიურება გამოიწვია. გეოლოგების ერთი ნაწილი, მეწყერსაშიშ ზონებში მონიტორინგის ცენტრების არარსებობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ცენტრების ფუნქციონირების შემთხვევაში, პრევენციული ზომების მიღება და ეკოლოგიური კატასტროფის რისკების შემცირება შესაძლებელი იქნებოდა. ამ აზრს გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ, რომლებიც დარიალის ხეობაში მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე ხშირად მიუთითებდნენ.