იმედი მაქვს საელჩოები მოძალადეების სასამართლო პროცესებზე სიარულის შუალედში მაინც თავისი ძირითადი ფუნქციით დაკავდებიან და თვალყურს ადევნებენ პარლამენტის კომისიის საქმიანობას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო დროებით საგამოძიებო კომისიას, თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ბოლო სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო, თუ რა კონკრეტული საქმიანობა გასწია კომისიამ. დაახლოებით 50 სხდომა ჩატარდა, 100-ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, შესულია ასობით წერილი კომისიაში. რამდენიმე ასეული გვერდისგან შემდგარი ანგარიში მოამზადა კომისიამ, რომელსაც პარლამენტი სექტემბერში განიხილავს და თავის დასკვნასაც გამოიტანს ამასთან დაკავშირებით.
იმედი მაქვს საელჩოები მოძალადეების სასამართლო პროცესებზე სიარულის შუალედში მაინც თავისი ძირითადი ფუნქციით დაკავდებიან და თვალყურს ადევნებენ პარლამენტის კომისიის საქმიანობას. მართალია, ქართულ ენაზე იმართებოდა ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოძებნიდნენ თარჯიმანს, რომელიც უთარგმნიდა რა ხდებოდა, რა ტრაგედიებს ჰყვებოდნენ ადამიანები, რას ნიშნავს წამება, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა 2003-2012 წლებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო.