უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება ქვეყნის უმაღლესი რადის მიერ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და მას ქვეყნისთვის ცუდი დღე უწოდა.
როგორც ქვეყნის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა Facebook-ზე დაწერა, საუბარია არა მხოლოდ ანტიკორუფციულ ინსტიტუტებზე, არამედ ადამიანების სურვილზე, იცხოვრონ სამართლიან ქვეყანაში.
„მესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფთა უმრავლესობისთვის ღირსების რევოლუცია სოციალურ ქსელში წლიდან წლამდე დაწერილი პოსტია, მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო მსხვერპლი სამართლიანობისთვის. მისი გაუქმება კენჭისყრით ან სწრაფი ხელმოწერებით შეუძლებელია“, - დაწერა კულებამ.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა აირჩიოს, დადგეს ხალხის მხარეს, თუ - არა.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.