აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრით ირკვევა, რომ ნაცმოძრაობამ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრით ირკვევა, რომ ნაცმოძრაობამ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია - “ნელსონ მალინსი” (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) - დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომელიც ლობისტების 6 თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობა ხელშეკრულებაში ოფიციალურად მითითებულია, როგორც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, და არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ “ნელსონ მალინსის” სათავო ოფისი სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში მდებარეობს.

წლების განმავლობაში, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს(Donations to PAC), მათ შორისაა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უილსონის კამპანიისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87,500 აშშ დოლარი აქვს შეწირული (ბოლო 20 წლის განმავლობაში). 2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის კი „ნელსონ მალინსმა“ პოლიტიკურ კამპანიას 10,000 აშშ დოლარი შესწირა. კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორისაა სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიასაც „ნელსონ მალინსმა“ ჯამში 35,000 აშშ დოლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არამხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის ნაციონალური მოძრაობის გადახადილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს შესახებ და ხელს შეუწყობს მეგობარი აქტის მიღების პროცესს.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან და ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ გეგმავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ აქტიურად აპირებს აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ლობირებას.