ილჰამ ალიევი: მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

ილჰამ ალიევი: მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც  დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.

„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.

„ისინი თუ გააგრძელებენ მომავალშიც ამ პროცესის დაბლოკვას, აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.