ამის მიზანი ფაქტობრივად არის უკვე პოლიტიკურ სუიციდთან ახლოს მყოფი პარტიებისთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის სიცოცხლის დამატებითი იმპულსების მიწოდება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ 18 ევროპელი მაღალჩინოსნის წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის ტონუსში შენარჩუნება, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც დღის წესრიგი.
„ამის მიზანი ფაქტობრივად არის უკვე პოლიტიკურ სუიციდთან ახლოს მყოფი პარტიებისთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის სიცოცხლის დამატებითი იმპულსების მიწოდება, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს პარტიები უდიდეს შემთხვევაში აპელირებენ არა შიდა ელექტორალურ და შიდა ლეგიტიმაციაზე, არამედ მათთვის მთავარია, პირობითად კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რომელიმე ევროპარლამენტარი რას იტყვის.
რეალურად არიან გარე ლეგიტიმაციის მაძიებელი პოლიტიკური პარტიები. ეს არის მათი ტონუსში შენარჩუნება, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც დღის წესრიგი. ეს არის მიზანი, ხოლო მიზეზიც ვთქვათ აუცილებლად. ეს მიზეზი არის ის საფასური, რომელსაც იხდის საქართველო იმის გამო, რომ ის არ ჩაერთო ავანტიურაში, არ გახსნა მეორე ფრონტი და ახლა ხდება ზეწოლა, მაქსიმალური პრესირება, რომ ჩვენ ვართ რაღაც რუსეთის ორბიტაზე აღმოჩენილი და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, გამოვიჩინეთ სიმტკიცე და სუვერენიტეტისკენ გადავდგით საწყისი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არ მოსწონთ გარე აქტორებს, ვინაიდან აქამდე ესენი მიჩვეული იყვნენ შედარებით რბილ დამოკიდებულებებს საქართველოს მხრიდან. ანუ, რაც ხდებოდა წინათ პოლიტიკურ კულუარებში, „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგად გამოვიდა ფართო საზოგადოებრივ სცენაზე და ახლა მიმდინარეობს სწორედ ეს პოლიტიკური დაპირისპირება“, - აღნიშნა მან.