ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთოდები საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა

ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთოდები საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა

რუმინელმა ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის ვოტუმის დაყენების ინიციატორი გახდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტისა და ძალაუფლების წართმევაში დაადანაშაულა.

გეორგე პიპერეამ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთოდები საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, კომისიამ ბოროტად წაართვა წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილებები და თავის უმთავრეს გადაწყვეტილებებში უგულებელყო ევროპარლამენტი. გადაწყვეტილებების არადემოკრატიული კონცენტრაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში ეწინააღმდეგება ძალაუფლების დანაწილებისა და გაწონასწორების პრინციპებს“, - აღნიშნა რუმინელმა ევროპარლამენტარმა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჭვირვალე და დისკრეციული გახდა და ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის შიშს იწვევს. გარწმუნებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის არცერთ მოქალაქეს არ სურს იმ დროის ხელახლა განცდა. ჩვენ უარს ვამბობთ... საბჭოთა, რუსულ ან ჩინურ მოდელზე“, - დასძინა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე ხუთშაბათს დადგება.

ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.