საქართველო კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსი აქვს

საქართველო კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსი აქვს

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.

ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.  კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა.

ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სუბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელთა შეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგძლივადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად,  ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.

წელს საქართველოს შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013 წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო. 

ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12 წლიანი პერიოდიც შეაჯამა. საქართველო მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა თავისუფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა, საქართველოს საზოგადოება კი მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც  2012 წელთან შედარებით წინსვლა განიცადა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.  

პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%. 

გარდა ამისა,  საქართველო უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა, ხოლო ბიუროკრატიის სიჯანსაღის და კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ბიუროკრატიის სიჯანსაღით და კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.

ორგანიზაცია ზოგადი თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად თავს იყრის და ნაწილდება  სამ აგრეგატულ ინდექსში: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი. 

რაც შეეხება კეთილღეობის ინდექსს, მისი შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს  4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და  კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყნას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების,  გაეროს,  ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/report/the-path-to-prosperity-the-2025-freedom-and-prosperity-indexes/

https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/scorecards

 

 

 

 

მარბიელი ჩვენს გარდა, მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში აქვთ დეპუტატებს, მინისტრებს და სხვა მაღამჩინოსნებს 30-35 პენსიონერის პენსიის ტოლი ხელფასი? ამ მხრივ რომელ ადგილზე ვართ?
4 საათის უკან