ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ

ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში „ლელომ“ და გახარიას პარტიამ შეიცვალეს პოზიცია და ისინი აცხადებენ, რომ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა თავიდან საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ჯერჯერობით კი „ნაციონალური მოძრაობა“ საპირისპირო აზრზეა.

„რაღაც სპექტაკლს ათამაშებენ, ვინაიდან ამ არჩევნებში მათი გარე უფროსები ფსონს დებენ „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონს აღარავინ დებს. ისიც კარგად გაანალიზეს, რომ მოსახლეობას ვერ შეასაღეს, თითქოს რაღაც ახალი გამოყოფილი პარტიაა და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია ზუსტად იგივე ძალებს ემსახურებიან და შესაბამისად, ფსონს მათზე აკეთებენ. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა. შესაძლოა, 8 პარტიად დაშალონ, შეიძლება, ერთად გააერთიანონ. მაგალითად, ამ ბოლო დროს ბატონი პაატა ბურჭულაძე აქტიურობს და შესაძლოა, იგი მოგვევლინოს ლიდერად. ამას ნახევრად სარკაზმულად ვამბობ. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ საშტაბო მუშაობაზე ვართ გადასული. ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, როგორი კონფიგურაციით არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით, ძალიან დამაჯერებლად 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.