შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის საელჩო გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის საელჩო გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საელჩოს გადაწყვეტილებას რიგი ორგანიზაციებისთვის გრანტების გაუქმების თაობაზე. პაპუაშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით საელჩომ საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში ამხილა.

„ბრიტანეთის საელჩო მგონი, გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულა“. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, ღომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში, იმას რომ აფინანსებ და ქართველ ხალხს რომ ეუბნები, ეს არჩევნებზე დაკვირვებისთვის არისო - შტერი ვგონივართ, მე მგონი, ბრიტანეთის ელჩს, როდესაც ის მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულას“ დაფინანსება დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტიკის დაფინანსებაა.

და მეორე - შტერი ჰგონია ალბათ, ქართველი ხალხი, თუ ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ენჯეოს „მომავლის აკადემია“, რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ - პარტიული ხალხი, დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩასაშლელად ემზადებიან და მათი დაფინანსება მავნებლობაა.

„შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც - ყველა მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები - როგორც „ტაბულა“ და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია, ისევე ე.წ. „მომავლის აკადემია“ და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია. მათ გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება, ადამიანმა განაცხადოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბრიტანეთის საელჩო გრანტებს აუქმებს - „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ტაბულა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ წინასაარჩევნო პერიოდში სოლიდურ თანხას ელოდებოდნენ.