„მუხროვანის ბაზაზე მოხდა ისეთი რამ, რომ ოფიცერთა პირადი შემადგენლობა და ეს იკვეთება მერე სასამართლოს პროცესების მიმდინარეობის დროსაც კი, აბსოლუტურად არაფერი იყო, არც დაუმორჩილებლობის და არც ამბოხის ნიშნების მახასიათებელი, უბრალოდ ოფიცრები საუბრობდნენ ერთად“-განაცხადა გენერალმა კობა კობალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „მუხროვანის ამბოხზე“ საუბრისას.
„როდესაც ესკალაცია უკვე მოხდა, ის პირადი შემადგენლობა, რომლებიც ერთად საუბრობდნენ, დაუბრკოლებლად გამოდიან სამხედრო ნაწილიდან და მიდიან. მერე ხდება ამ ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა. ვიღაც პირების იდენტიფიცირება რომ ესენი არიან მტრები, ესენი უნდა იყვნენ ლიკვიდირებულები და სახელმწიფომ ქუდი მოირგო იმის, რომ მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს. ისევე, როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მაცხოვრებელი გმირი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ისევე, როგორც კოდორის ხეობაში ჩაახშეს თავისუფლებისაკენ ლტოლვა. ეს იყო რეალური სურათი რაც იყო“-აცხადებს კობალაძე.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, რომ „აქაც, ისევე როგორც აგვისტოს ომში, რეალურად მართვის ბერკეტი ჰქონდა შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს. ამ დროს სად არის თავდაცვის მინისტრი?“, კობალაძე აცხადებს, რომ „სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო“.
„ის პირადი შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ დაქვემდებარებაში იყო იმ მაღალჩინოსნის, ჩემს წინაშე წამოდგა ასეთი კითხვა და მე ეს კითხვა დავუსვი სასამართლოს მიმდინარეობის დროს. სადაც გამოიკვეთა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მართავდა აღნიშნულ პროცესებს, მე ვკითხე ის, რომ თქვენ, როგორც ხელმძღვანელი პირი, რომელსაც უშუალოდ არა მარტო ოპერატიულ დაქვემდებარებაში, არამედ პირდაპირ დაქვემდებარებაში გყავთ აღნიშნული შენაერთი, თქვენ შემობრძანდით შენაერთში, აღმოაჩინეთ ის, რომ არასაწესდებო მმართველობა მიდიოდა და რაღაც საკითხები არ ესადაგებოდა ყოველდღიურ წესდებით გაწერილ თემატიკას, თქვენ, როგორც ხელმძღვანელმა რატომ იქვე არ მიიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული ნაწილის ხელმძღვანელობა რატომ არ გადააყენეთ თანამდებობიდან, რომლის უფლებამოსილება და ვალდებულება მას ჰქონდა და ხელმძღვანელობა რატომ არ დაიქვემდებარეთ თქვენ თავთან. საინტერესო იყო ის, რომ კრებსითი შეტყობინება თავდაცვის სამინისტროში იმაზე, რომ მუხროვანის ბაზაზე იყო არასაწესდებო ქმედებები, არ გაჟღერებულა. ინფორმაცია არ წასულა“-განაცხადა კობა კობალაძემ.