როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის, სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები, ფონდები, იმ წუთიდან მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ევროპიდან მხარდაჭერას ნიშნავს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხრიდან რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივად დავის დაწყების საკითხზე.
მისივე თქმით, საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს იმიტომ, რომ სახელმწიფო იყოს ადეკვატური და მსგავს საკითხებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
„კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გამოხატულია აგრესია, ლანძღვა-გინება, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის, მედია საშუალებებით, ინტერნეტ სივრცეში არის ესოდენ მომრავლებული. ეს სიძულვილის კამპანია სამწუხაროდ დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამწუხარო და მასშტაბური ხასიათი. საკანონმდებლო რეგულაცია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სახელმწიფო იყოს ადეკვატური და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნებიან ევროკავშირის, სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები, თუ ფონდები, იმ წუთიდან მყისიერად მოხდება რადიკალების ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა, პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ევროპიდან მხარდაჭერას ნიშნავს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ რადიკალური ჯგუფების ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს. საჩივრით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ტერორის პროპაგანდით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ.