ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიღებული დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ისეთ დავალებებს, რომლებიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ტრაგიკული მდგომარეობა.
„არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. ოპოზიციაში არის უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.