ევროპარლამენტს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, ევროპარლამენტში ვხედავთ ღირებულებით კრიზისს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა. კერძოდ, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „როგორ ესახება ევროპარლამენტიდან მძიმე შინაარსის მოწოდებების ფონზე ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა?“
„ეს აჩვენებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ჰპირდება ქართველ ხალხს, რომ იმოქმედებს გარედან მითითებების შესაბამისად. ჩვენ ხომ ამას გვსაყვედურობენ, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც გვეუბნება რომელიმე ევროპარლამენტარი თუ რომელიმე პრესმიდვნის მოადგილის თანაშემწე? წინასაარჩევნო კამპანიაც ხომ ამაზე იყო სინამდვილეში. სთავაზობდნენ ქართველ ხალხს, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ეტყვის რასა იუკნევიჩიენე. ეტყვის, დადექით ცალ ფეხზე, დადგებიან. ეტყვის, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაუწესებენ სანქციებს და დაანგრევენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ხომ ამას გვეუბნებოდნენ, გავაგზავნოთ მოხალისეები ომში, როცა არცერთმა ქვეყანამ არ გააგზავნა. ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ. ამას გვსაყვედურობენ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“, რომ ის არ მოქმედებს გარედან მომდინარე მითითებებით. შესაბამისად, პრობლემა ეს არის.
მთლიან ისტორიაში ვინც არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს იმ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც ჩაიდო მაშინ, როდესაც ის იქმნებოდა. ის ქცევა, რასაც ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ, არ არის ახლოს ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.
„გვახსოვს ტექსტები და რეზოლუციები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეაფასეს როგორც პროგრესული რეჟიმი და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად, მიდის საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ვიხსენებთ მაშინდელ ტრაგედიებს, როცა რასა იუკნევიჩიენე ლიეტუვაში მინისტრი იყო. მისგან ვინმეს კრიტიკული სიტყვა გაუგია? დღეს რომ ბალტიის ქვეყნების მთავრობები იღვიძებენ საქართველოს შიდა პოლიტიკის კომენტარით, ერთი სიტყვა გაუღიათ მაშინ? არა. სინამდვილეში, ისინი მთლიანი ტრაგედიის თანამონაწილეებიც არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ამ რეჟიმს ამყარებდნენ მაშინ და ახლა სურთ მისი დახსნა ციხიდან. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ. ზუსტად იმ FARA-ს წყალობით, რომელიც დღეს ჩვენთანაც მოქმედებს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს. ეს არის დღეს ევროპარლამენტი, როცა ამერიკიდან იწერება რეზოლუციის პროექტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.