შალვა პაპუაშვილი: კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა

შალვა პაპუაშვილი: კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა

კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა და ხელს ვაწერდით ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და რა ჩამოგვივიდა? ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა, რადგან თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე ევროკავშირის ელჩისადმი მისი მიმართვის შესახებ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს და დაგმოს ძალადობის, ზიზღის გამოვლინებები და ქმედებები, რომლებიც სწორედ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებული ორგანიზაციების თუ ჯგუფების მხრიდან იგეგმება, თვითონ დასავლეთი კი მიუთითებს იმაზე, რომ ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი დაკავებებია ამ ურთიერთობების დამაზიანებელი და ისინი მიუთითებენ იმ ნაბიჯებზე, რის გამოც ურთიერთობა გაუარესდა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „ამის გამო მათ მიერ დაფინანსებულმა ადამიანებმა უნდა გვაგინონ?“

„ამით ამართლებენ, რომ ვინაიდან შეიძლება, რაღაც არ მოსწონთ ხელისუფლებაში, უნდა დააფინანსონ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პარლამენტის წევრს, ღამით ადგებიან სახლში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს? ანუ, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია ამით მართლდება? ევროპას თუ დააწერ რამეს, შეგიძლია, ზიზღიც ჩადო, სიძულვილიც ჩადო და დეზინფორმაციაც ჩადო? სამწუხაროდ, აი, ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ელჩებს კომუნიკაციის დროს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მათ თავად უნდა აეღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რათა დაფინანსება გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს არანაირად არ შეისმინეს.

„მათ შორის, მანამდეც მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ აი, შემთხვევები და, მათ შორის, ფაქტები გავუგზავნე. ამ წინა წერილზე მივიღე პასუხი. მე მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდაა და ა.შ. ფაქტების მეტი რა არის?! ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ, წინაზე პასუხად მივიღე – დიახ, რთულია პოლარიზაცია, სამწუხაროა, არცერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დღესდღეობით, ხელისგულზეა, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მოძრაობების, ერთადერთი დაფინანსება არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდება ევროკავშირის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ყოველდღე რომ გამოდიან ევროპარლამენტში, მათ შორის დღეს რომ ვუსმენდით, რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტს თუ „ენჯეოს“, ამით ხომ ამბობენ, რომ ისინი იწონებენ ქმედებებს, რომელსაც ისინი ჩადიან, როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრებს, სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ? ზუსტად ამაზე მქონდა მიმართვა პირადად პაველ ჰერჩინსკის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკის მიმართ ორივე წერილში სწორედ ამაზე საუბრობდა.

„ვწერ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხომ არ ამბობენ საჯაროდ და აი, რატომ არ ამბობენ, რა უღირთ, რატომ არ შეძლება, ეს თქვან? იცით, რატომ არ ამბობენ არაფერს? როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი ან სხვა ელჩი იტყვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრთან მივარდნა, პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფოეიერვერკებით დაწვა და პოლიციელებისთვის ქვების სროლა არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.