„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს საინტერესო გარემოება გაჩნდა: ტყვეების გაცვლის ახალი პარტია. ამ საკითხის განსახილველად უკრაინული მხარე ჯერჯერობით მზად არ არის, თუმცა რუსები ცალმხრივად ძალიან საინტერესო იდეით გამოვიდნენ - გმირი უკრაინელი ჯარისკაცების 6000 გაყინული ნეშტი ინახება რუსეთის პროზექტურის საცავებში, რომელთა უკრაინელებისთვის გადაცემაზეც მზად არიან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით დუმს, რადგან აწყობს, რომ ისინი დაკარგულებად ითვლებოდნენ.
„საქმე იმაშია, რომ ამ დღეებში საგანგაშო სტატისტიკა გამოქვეყნდა, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძალიან დიდ რაოდენობაზე საუბრობს ზელენსკის ადმინისტრაცია - სადღაც ათობით ათასზე ავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეთავაზებაც გაჩნდა რუსეთის მხრიდან, ამგვარად დაკარგულების ნეშტთა ნაწილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ შეთავაზებას უკრაინა დუმილით პასუხობს ორი საინტერესო მოსაზრების გამო: ეს ის ადამიანები არიან, როგორც რუსული მხარე იუწყება, რომლებიც კურსკის ოლქში გაანადგურეს. იმის აღიარებისთვის, რომ კურსკის ოლქში უკრაინამ 6000 მეომარი დაკარგა, ზელენსკის ადმინისტრაცია მზად არ არის. ამას გარდა, ეს ადამიანები არა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად, არამედ, დაღუპულებად რომ ცნონ და ოჯახებს ნეშტები დაუბრუნონ, თითოეულ მათ ოჯახზე კომპენსაციის სახით 15 მილიონი გრივნა ექნებათ გადასახდელი. ანუ, ზელენსკის 90 მილიარდი გრივნის გადახდა მოუწევს. ეს კოლოსალური თანხაა. ეს არის 10% იმ სამხედრო ბიუჯეტისა, რომელიც უკრაინას დღეს გააჩნია. შესაბამისად, ეს ის თემაა, რომელიც არა მხოლოდ ომის ზნეობრივ მხარეს, არამედ, წმინდა პოლიტიკურ ზნეობასაც ეხება - ადამიანებს - დედას, მამას, მეუღლეებს, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მათი ოჯახის წევრი ჯარისკაცები არა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, არამედ დაღუპულად ცნონ, დამარხონ, პანაშვიდი გადაუხადონ, მაგრამ ამაზეც კი არ მიდის უკრაინის დღევანდელი ადმინისტრაცია“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.