ზაზა ფაჩულია: ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ

ზაზა ფაჩულია: ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ

პირველ რიგში, დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, - ასე გამოეხმაურა ზაზა ფაჩულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცემა.

ყოფილმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს სამგზის გამარჯვებულმა „ქრონიკას“ უამბო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქცა კახა კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისთვის შთაგონების წყაროდ.

„მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო - მაშინ NBA-ში, უკვე „ატლანტა ჰოუქსში“ ვთამაშობდი და კახა [კალაძე] მაშინ „მილანში“ იყო. მახსოვს, მის თამაშზე მეგობრებთან ერთად წავედი, როცა „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარგად დამამახსოვრდა ეს მომენტი, ეს ინსპირაცია, რაც იმ თამაშიდან მივიღე. ნატვრა მქონდა იმისი, რომ მეც ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი, რომ ჩემი ქვეყანა გამეხარებინა. სხვათა შორის, იმ ზაფხულს - 2016 წლის ზაფხულს, როცა ასარჩევად მქონდა საქმე თუ რომელ გუნდში უნდა გავსულიყავი, ზუსტად ეს ინსპირაცია იყო გადამწყვეტი იმაში, რომ „გოლდენ სთეით უორიორსი“ ავირჩიე.

ზუსტად ეს ძალა აქვს სპორტს, ზუსტად ეს ძალა აქვს წარმატებას და, ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახასგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ. არ ვიცი კახამ იცის ეს თუ არა, მე მგონი პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე. ძალიან მაგარი მომენტი იყო. ზოგადად, სპორტი ამიტომ არის განსაკუთრებული, განსხვავებული, რადგანაც თუნდაც რამდენიმე დღის წინ, როცა ხვიჩამ მთელი ერი გაგვახარა, ზუსტად ეს მოაქვს, რომ მთელს ქვეყანას კრავს ერთ მუშტად“, - განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილები.