ეკა სეფაშვილი: მიმდინარე წლის განმავლობაშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, მაკროეკონომიკური პარამეტრები კვლავ სტაბილური იქნება

ეკა სეფაშვილი: მიმდინარე წლის განმავლობაშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, მაკროეკონომიკური პარამეტრები კვლავ სტაბილური იქნება

„ამ წლის განმავლობაშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს. ასევე ველით მაკროეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებლების სტაბილურობას," - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატებმა შეხვედრაზე 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. 

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის ფინანსური მაჩვენებლების დადებით დინამიკასთან ერთად, საყურადღებოა მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდება სოციალურ პროგრამებს. 

„განვიხილეთ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შენარჩუნებულია სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები. დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარი აკუმულირდა, რამაც საშუალება მოგვცა მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებები დაგვეფინანსებინა.

ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 8 %-ის ოდენობითაა შენარჩუნებული, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საუბარი შეეხო ექსპორტ-იმპორტის საკითხებს, კერძოდ ექსპორტის წახალისების და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროგრამებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სტაბილური განვითარებისათვის. 

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი ისევ სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, ასევე დაგეგმილია დაახლოებით 5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, თუმცა უკვე პირველ კვარტალში დაფიქსირდა 9% -იანი ზრდა. ასე რომ, ამ წლის განმავლობაშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, მაკროეკონომიკური პარამეტრები ისევ სტაბილურ ვითარებას აჩვენებს. შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი მცირე ნიშნულზე, ასევე ინფლაციის დონეც მიზნობრივ ინფლაციის დონეს უახლოვდება და შესაბამისად, ეს აისახება ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მრავალი მიმართულებით ხორციელდება," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.