თეა წულუკიანი - ოპოზიცია არის აბსოლუტურად თავგზააბნეული, არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში

თეა წულუკიანი - ოპოზიცია არის აბსოლუტურად თავგზააბნეული, არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში

კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე იძულებული ხდება, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, ოპოზიცია თავგზააბნეულია და არ აქვთ რაიმე ტიპის სტრატეგია და თავს ხვევენ ბევრ გაუგებრობაში.

„კანონი არის მკაფიო, ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის, თუ სისხლის სამართლის პროცესუალურ კანონმდებლობაში ვერ ვნახავთ ვერც ერთ ნორმას, რომელიც შეიძლება იყოს ბუნდოვანი ან გაუგებარი. კანონი ცალსახად ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე თუ შეგიფარდებს გირაოს, ის გირაოც დადგენილ ვადაში უნდა იქნას გადახდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეს იქ არ აქვს დიდი მიხედულების ფართო სფერო და არეალი, თუ არ არის გირაო გადახდილი, მოსამართლე იძულებული ხდება, ასე რომ ვთქვა, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გირაოს შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით. არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს.

რაც შეეხება, რატომ აქციეს ყოველივე ეს მათი გაგებით პოლიტიკურ სანახაობად, ჩემი აზრით, ისინი არიან აბსოლუტურად თავგზააბნეულები, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს, ვინც პარლამენტის გარეთ არის, არ აქვს, როგორც მე ვფიქრობ და ვხედავ, რაიმე ტიპის სტრატეგია, აქვთ მხოლოდ სპონტანური ტაქტიკური სვლები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის და თავს ხვევენ ძალიან ბევრ გაუგებრობაში. ეს ყველაფერია, პოლიტიკის გარდა. თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მომხრეც მოიპოვოს და ამომრჩეველს გააგებინოს, რა უნდა და რისთვის იღწვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი სურვილი რეალური პოლიტიკის კეთება არ არის, ალბათ იმიტომ, რომ იციან, შანსი ნულზე ქვევით აქვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.