საგამოძიებო კომისიის წევრები ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებიან. სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა და სოციალური სამსახურის მუშაკმა გაიხსენეს, თუ რა პირობებში ჰყავდა პატიმრები იმდროინდელ ხელისუფლებას.
„გარეთ ცხოვრობდნენ პატიმრები, ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. კარავში იხდიდნენ სასჯელს. ციხეში იყო 750 ადგილი, პატიმარი იყო 1 000-ზე მეტი, შესაბამისად დანარჩენები იყვნენ გარეთ. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, უშუქობის, ღამის საათებში განათება აღარ იყო. 1-2 საათი თუ ჩართავდნენ გენერატორს, ამის შემდეგ მანქანის საბურავებით გვქონდა ცეცხლი დანთებული და ვანათებდით დაწესებულებას, რომ მსჯავრდადებულები არ გაგვქცეოდნენ. მსჯავრდადებულებს ეძინათ და ჩვენ მთელი ღამე გარე პერიმეტრს ვიცავდით, რომ ვინმე არ გაქცეულიყო. სამი მსჯავრდადებული გაიქცა უშუქობის პერიოდში“, - განაცხადა 2011 წლამდე სოციალური სამსახურის მუშაკმა პავლე ჩიხლაძემ.
„ნაომარი იყო ქვეყანა და ისარგებლეს იმით, რომ ჩაკეტილი იყო, პანიკა იყო ხალხშიც, რომ რუსი სამხედროები იყვნენ, დაკავებული ჰქონდათ ქალაქები, ბუნტი იყო მომხდარი ციხეებში ზუგდიდსა და ქუთაისში და იმ პანიკამ და შიშმა გამოიწვია ის, რომ დაახლოებით 150 პატიმარი გაიქცა. უმეტესობა მათგანი მალევე დაბრუნდა, სამი დღის ვადაში ზოგი დაიჭირეს, ზოგი თავად დაბრუნდა. ზოგს სასჯელი დაემატა ამის გამო “, - აღნიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა აკაკი ჭავჭანიძემ.
საგამოძიებო კომისიის წევრები ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებიან. ისინი ათვალიერებენ ტერიტორიას, რომელიც კარგად ასახავს თუ რა პირობებში ჰყავდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს პატიმრები.