ნინო წილოსანი მელიაზე -

ნინო წილოსანი მელიაზე - "პროვოკაციაა მოსამართლისთვის წყლის შესხმა, შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ზომა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი"

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ზომა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი.

"რაც უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენენ, მით უფრო მეტი ბრალი იქნება წარდგენილი და მით უფრო მეტი პროცესი დაიწყება მათ წინააღმდეგ. ნიკა მელიამ თავის თავი "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს დაამახსოვრა და შეაყვარა რადიკალიზმით.

ცნობილია, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულ პროვოცირებებზე და პროვოკაციაზე მიდის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და სახელმწიფოსთვის სროლა იმის მანიშნებელი იყო, რომ ის პროვოკაციაზე მიდიოდა. ასეთივე პროვოკაციაა მოსამართლისთვის წყლის შესხმა, შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ზომა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, პროცესზე შეასხა, სადაც განიხილებოდა მისი საქმე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.