თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრამპის წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია იყო სრული ისტერიკა.
„თქვენ ნახეთ ოპოზიციის რეაქციები ამ წერილთან დაკავშირებით - სრული ისტერიკა. სახე დაკარგეს საერთოდ, როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ ამ წერილთან დაკავშირებით. უბრალოდ სასაცილოები გახდნენ თავიანთ კომენტარებში, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საბოლო ჯამში, ორთაბრძოლა გრძელდება და იმედი უნდა დავიტოვოთ, სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს Deep State-ზე. ეს თუ ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში პრობლემები დარჩება, სამწუხაროდ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს ჩვენი ურთიერთობები.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ოპოზიციის ისტერიკას. მუდმივად საუბარი აქვთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კურსი შევიცვალეთ, არ გვინდა ამერიკისკენ, არ გვინდა ევროპისკენ და ა.შ. ამ დროს, დღეს შემოვიდა წერილი, რომელიც იძლევა იმის იმედს, რომ შეიძლება გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისტერიკა რატომ უნდა მოჰყვეს შენი მხრიდან ასეთ წერილს, ხომ გაუგებარია, მაგრამ ამაზე მეტიც გვახსოვს გასული წლებიდან, პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ა.შ. სინამდვილეში, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. დღესაც ხომ ვერ დამალეს საკუთარი ემოციები. არის რაღაც წერილი, რომელიც საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და ამის გამო ვერ დამალეს საკუთარი უარყოფითი ემოციები. გასაგებია რაშიც არის საქმე. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ და ეს არის Deep State-ის დავალებების შესრულება. ამიტომ, რაღაცნაირად ცოტათი გაუხარდათ გუშინდელი წერილი და დღევანდელ წერილს მოჰყვა მათი ძალიან მძიმე რეაქცია და გაგულისება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.