ვინც არ უნდა ეცადოს, რასაც არ უნდა ეცადოს, 26 მაისი ჩვენთვის ყოველთვის იქნება დღე, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ეროვნული დღესასწაული მოგვილოცეს.
„რაც შეეხება საღამოს ე.წ აქციას, ისევ ევროპა გამოიწერეს და ისევ მიშა ჩამოუვიდათ. ისევ ვენის კონვენციის დარღვევა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. აქციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, „ვაიმარის სამკუთხედს“ მოუწერია - საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს. ქართველ ხალხს გილოცავთ და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არაო“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ბევრჯერ გაუვლია ბერმუდის სამკუთხედის მსგავს დაბრკოლებებზე, მაგრამ უგზო-უკვლოდ არასდროს დაკარგულა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
„თვით ქალბატონი რასაც გამოვიდა აქციაზე, ის ქალბატონი ევროპის უსაფრთხოება საქართველოზე რომ გაჰყავს - ოღონდ თვითონ იყოს უზრუნველად. ეს მისმა თანაპარტიელმა, კუბილიუსმაც დაადასტურა 1 კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში. არა, ქალბატონო რასა, მწარედ ცდებით! ჩვენ საკმარისი ვიომეთ და თუკი ეს საჭირო იქნება, თქვენგან ნამდვილად არ გვესწავლება. პირველი იყო საქართველო, რომელმაც საბჭოთა იმპერიას წინააღმდეგობა გაუწია და სწორედ ამ ბრძოლის მონაპოვარია 26 მაისი. საქართველო პირველი იყო საერთაშორისო მისიებშიც და არც ეს გვესწავლება თქვენგან. ვინც არ უნდა ეცადოს, რასაც არ უნდა ეცადოს, 26 მაისი ჩვენთვის ყოველთვის იქნება დღე, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.