„გარე თუ შიდა მტრების სურვილის მიუხედავად, გუშინდელი დღე შედგა ისევე, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე სრულიად საქართველოს.
„გილოცავთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. გუშინ, არაერთ ადამიანს შევხვდი. ახალგაზრდებს, რომლებიც ზეიმობდნენ, რომლებსაც უხაროდათ, რომლებიც ამაყობდნენ იმით, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან. ეს ხალხი არავის დაემონება!", - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, საზეიმო ღონისძიებამ განსაკუთრებულად ჩაიარა. თითოეულ ქართველს სიამაყის გრძნობა დაეუფლა და საქართველოს ძველი თუ ახალი ისტორია თვალწინ წარმოესახა.
„პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 107 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გარე თუ შიდა მტრების სურვილის მიუხედავად, გუშინდელი დღე შედგა. ისევე როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.