ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველა სასამართლო მოიგო არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ - საქართველომაც ბევრ სხვა საკითხში, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რა მოლოდინი აქვს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ერთ თვეში ლონდონშია დაგეგმილი.
„ყველა სასამართლო მოიგო არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ - საქართველომაც ბევრ სხვა საკითხში. სამართალი საბოლოო ჯამში თავის გზას პოულობს. ამ შემთხვევაშიც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამ შეშლილ სამყაროში ვერცერთი ხელისუფლების თვითნებობას გამოვრიცხავ. ის, ვინც გუშინ დემოკრატი იყო, დღეს ანტიამერიკულად შერაცხავენ, ვინც გუშინ ტერორისტი იყო, დღეს - დემოკრატია. ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი სიმართლე სად არის და ეს სიმართლე თავის თავს იპოვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse Life-ს შორის 607-მლნ დოლარის ანაზღაურების საქმეზე დავას 16-19 ივნისს განიხილავს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტის (The Judicial Committee of the Privy Council-JCPC ) ვებგვერდზე ვრცელდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლოა.