შალვა პაპუაშვილი: აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?

შალვა პაპუაშვილი: აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია.

„პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებშია, რამდენადაც მათ დონორებში. კითხვა არის მარტივი და მე უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ. აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება? ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება დეზინფორმაციასთან ერთად ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო ჩვენ ვხედავთ მათ შორის, ევროპაში ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები.

ამის ფონზე როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად ახალისებენ ექსტრემიზმს, ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან თუ ეს არის განზრახვა, საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება? მე ვსვამ ამ კითხვას და ველი პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.