"უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი გადავარდა სიმაღლიდან... გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაღუპულ ალპინისტზე

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან", - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ნიკა ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაიანება.

უწყების ცნობით, უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

"მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.