რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გუშინდელი სიყვები შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში თეთრ სახლში ბევრი გეოპოლიტიკური საკითხი განიხილება, გარდა იმ თემებისა, რაც უშუალოდ თბილისს ეხება. აქედან გამომდინარე, დეპუტატი ფიქრობს, რომ ახალ ადმინისტრაციაში საქართველოს მიმართ პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არის.
„ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და ცალსახაა. და იმას, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მკაფიოდ დაიცვა თავისი ეროვნული ინტერესი და ყოველგვარი მცდელობა ჩვენ ამ პროქსი ომის მონაწილეები გავმხდარიყავით უარყო, მოჰყვა მთელი რიგი ზეწოლები, რაც დღესაც გრძელდება. მაგრამ, ვფიქრობ, ესეც სათანადოდ იქნება შეფასებული იმ ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უნდა მშვიდობა და სამართლიანობა. ამავდროულად, რა თმა უნდა მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და იდეოლოგიური გზავნილები, რითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
„და ბოლოს, ჩვენ გვახსოვს, როდესაც უნდოდათ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით ერთგვარი დამსჯელი მესიჯის გამოშვება, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერს დაუსვამდა ხოლმე ერთი ჟურნალისტი კითხვას და ისიც მოურიდებლად ჩამოაყალიბებდა [პასუხს] - არ მოერიდებოდა არც სახელის, არც გვარის, არც პარტიის, არც მთავრობის დასახელებას. ამიტომ, ეს სურათი თავისთავად ნათელი არის. ვფიქრობ, რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების დაცვით ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის, როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.