ევროპარლამენტარი სტეფან ბარტულიცა „ციფრული სერვისების შესახებ კანონზე“: „ბრიუსელში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ტოტალიტარული იმპულსი, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან სიტყვის ცენზურას, სიტყვის, რომელიც მათ არ მოსწონთ“

ევროპარლამენტარი სტეფან ბარტულიცა „ციფრული სერვისების შესახებ კანონზე“: „ბრიუსელში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ტოტალიტარული იმპულსი, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან სიტყვის ცენზურას, სიტყვის, რომელიც მათ არ მოსწონთ“

ევროპარლამენტარმა სტეფან ბარტულიცამ ევროკავშირში მოქმედი „ციფრული სერვისების შესახებ კანონი“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის სინამდვილეში თავისუფალი სიტყვის ცენზურისთვის გამოიყენება.

„ბრიუსელში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ტოტალიტარული იმპულსი, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან სიტყვის ცენზურას, სიტყვის, რომელიც მათ არ მოსწონთ... კომუნიზმისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების დროს ჩვენ ვნახეთ, სად მივყავართ მასობრივ ცენზურას. ეს არ არის სასიამოვნო სურათი“, - თქვა ბარტულიცამ ევროპარლამენტში გამართული მოსმენის დროს.

აღნიშნული კანონი გააკრიტიკა აგრეთვე პოლ კოულმანმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარგში საერთაშორისო იურისტია და ორგანიზაცია ADF International-ის აღმასრულებელი დირექტორია. „სიტყვის თავისუფლება ამ კონტინენტზე კვლავ საფრთხის ქვეშაა როგორც არასდროს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ ევროპაში კოშმარული ავტორიტარული რეჟიმები დასრულდა“, - აღნიშნა იურისტმა.

კოულმანმა თავის გამოსვლაში ფინელი დეპუტატის, პაივი რასანენის შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევა „არის საშინელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყურება პრაქტიკაზე ცენზურა „ციფრული სერვისების შესახებ კანონის“ ფარგლებში“.

მისი თქმით, ექვსი წლის წინ პაიავიმ სოციალურ ქსელ X-ში ბიბლიური ლექსის ფოტო გამოაქვეყნა და სქესთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა. ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სიძულვილის გაღვივების გამო დაიწყეს. სასამართლოს ორმა ინსტანციამ ის გაამართლა.

თუმცა, როგორც კოულმანმა აღნიშნა, სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შოკისმომგვრელი ამ საქმეში ის არის, რომ ინტერნეტში პოსტის დაწერის გამო მისი საქმე ფინეთის უზენაეს სასამართლოში განიხილება, დასძინა იურისტმა.

„ახლა, „ციფრული სერვისების შესახებ კანონი“ პრობლემებს უქმნის ეროვნულ კანონმდებლობას, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ისეთი კანონი, როგორიცაა „სიძულვილის გაღვივება“, რომელიც პაიავის წინააღმდეგ გამოიყენეს, შესაძლოა, ევროკავშირის მასშტაბით უფრო ფართოდ გამოიყენონ ერთი მარტივი მიზეზით: თუ ეს ერთ ადგილას ითვლება უკანონოდ, ის, შესაძლოა, სხვაგანაც ჩაითვალოს უკანონდ“, - თქვა კოულმანმა.

„ციფრული სერვისების შესახებ კანონი“ ევროკავშირში 2024 წლის 17 თებერვალს ამოქმედდა. კანონი სოციალურ ქსელებს ავალდებულებს გაატარონ ზომები არალეგალური კონტენტისა და მომსახურებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით. სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტები, რომლებიც სიძულვილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ, დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს. აღნიშნული კანონი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook, Amazon და Google.