ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს და ჩვენს მოქალაქეებს სცენიდან მოუწოდებდნენ მაიდანიზაციისკენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
„ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მათი მოწოდებები არის წამახალისებელი, არამედ მათი დუმილიც წამახალისებელია, მაშინ, როდესაც ევრო ბიუროკრატები ან საქართველოში მყოფი დიპლომატები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ ისეთ ქმედებებზე, რომელიც პირდაპირ არის ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება, თვითონ ევროკავშირის დაფინანსებული თანხებით, რაც ხორციელდება საქართველოში იმ ენჯეოების წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც ამ საშინელ კამპანიებს აანონსებენ და საშინელ ქმედებებს სჩადიან. ახლახან ვნახეთ ქალბატონ მარიამ ლაშხზე თავდასხმა და აქაც ვიხილეთ აბსოლუტური დუმილი, შესაბამისად ეს ყველაფერი არის ირიბი წახალისება.
ჩვენი რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია ისეთ ფიგურებზე, როგორიც მაგალითად ბატონი მიხაილ როთი და ჯო უილსონია. მარტა კოსს წარმოაჩენენ თითქოს იგი იყოს გადაწყვეტილებების მიმღები ბრიუსელში. იგი უბრალოდ რაღაცების გამხმოვანებელია და ძალიან არათანმიმდევრულია ეს ქალბატონი.სულ რამდენიმე კვირის წინ იყო ინტერვიუ, სადაც მან ერთის მხრივ ისიც განაცხადა, რომ შეიძლება ძალიან მკაცრად მივუდგეთ დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოში, შემდეგ ისიც თქვა, რომ დიალოგი საუკეთესო გზა შეიძლება იყოსო. მისი მხრიდან ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირდაპირი მოწოდება, რომ მიდით არიეთ სიტუაცია და ჩვენ გვერდში დგომას გიდასტურებთო.
არც დააყოვნა რეაგირებამ, როდესაც ბატონი გედევან ფოფხაძე რამდენიმე საათში პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ქმედებები უნდა ჩავიდინოთ 26 მაისსო და მსხვერპლიც არ იქნება ცუდიო. შემდეგ ვიხილეთ ირაკლი ზარქუაზე თავდასხმა. მათ არ იციან ქართული საზოგადოების ხასიათი და ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.