ის ხალხი, რომლებმაც „იმედი“ დახურეს და დღეს პოლიტიკაში, ან „ენჯეოებში“ არიან, დღესაც „იმედს“ ხურავენ. ამდენი ენერგია იხარჯება, რომ „იმედი“ დაიხუროს, ოღონდ ამას ხარჯავენ გარეთ, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე.
სოზარ სუბარმა ჰკითხა, იცის თუ არა ვინ გათიშა „იმედში“ შეჭრის დღეს კამერები ტელეკომპანიაში.
„ეს არ ვიცი [ვინ გათიშა კამერები]. მე მქონდა თხოვნა, რომ კამერები გარეთ გაეტანათ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყო ეთერში დარბევის კადრები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შემოვიდოდნენ. ძალიან ცოტა გვაქვს კადრები გადაღებული. წარმოუდგენლად მოიქცნენ ჟურნალისტები. ამიტომ ვთქვი, რომ ორად უნდა გავყოთ „იმედის“ წართმევა. პირველად სხვანაირად გააკეთეს, ეგონათ, რომ ძალით გადაგვივლიდნენ და ამით დამთავრდებოდა და რომ არ დამთავრდა, მერე შიგნიდან გააჩინეს ბზარი. ეს შიგნიდან გაჩენილი ბზარიც ძალიან მცირე ნაწილს შეეხო.
„იმედში“ დღესაც ბევრი ადამიანი მუშაობს იქიდან, ვინც იქ [დარბევისას] იყო. მათ შორის იყვნენ გმირები და ახლაც, რასაც „იმედი“ აკეთებს, წარმოუდგენელი გმირობაა. ის ხალხი, რომლებმაც „იმედი“ დახურეს და დღეს პოლიტიკაში, ან „ენჯეოებში“ არიან, დღესაც „იმედს“ ხურავენ. სტატია გამოვიდა ორი დღის წინ, სადაც წერია, რომ „იმედი“ ჰოლანდიური კომპანიიდან იმართება და ჰოლანდიის მთავრობას უნდა დაახურვინონ „იმედი“, რადგან აქვს ანტიევროპული მიდგომა. ეს არის სიგიჟე. ჯერ ერთი ტყუილია, რომ „იმედი“ ანტიევროპულია. ამდენი ენერგია იხარჯება, რომ „იმედი“ დაიხუროს, ოღონდ ამას ხარჯავენ გარეთ. წარმოიდგინეთ ამ ხალხის ხელში რომ იყოს მთავრობა, ხომ პირდაპირ დაგვხურავდნენ?! „იმედი“ უნდა დაიხუროს ალტერნატიული აზრის გამო“, - აღნიშნა რუხაძემ.