სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ, გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად, - ამის შესახებ 2000-2004წლებში შპს "ეროვნული ზარაფხანას" გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, „ზარაფხანა“ ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას აჩუქეს, რომელიც დღესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ზარაფხანა“ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს გადასცეს.
„მაშინ ვთქვი, ოქრო კარაქი ხომ არ არის, მალფუჭებადი რომ იყოს, რას აკეთებთ, რატომ ყიდით? - მოკლედ, გაიყიდა ეს საწარმო და რაოდენ საინტერესოა, რომ ეს საწარმო ფაქტობრივად აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას, რომელიც მაშინ ჩამოიყვანეს რუსეთიდან. ნაყოფია დღესაც არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ერთ-ერთი დონორი. მაშინ სამართლებრივად შპს-ს დაფუძნებას სჭირდებოდა 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალი. სასწრაფოდ დააფუძნეს შპს საცხოვრებელი ბინის მისამართზე და ამ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს მისცეს საქართველოს ეროვნული ზარაფხანა.
[ოქროს ნაკეთობების გარდა] იყო მიწა და 4 სართულიანი შენობა-ნაგებობა, სულ დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი. დიღომში მაშინდელი კვადრატული მეტრის ფასი რომ გადაიანგარიშოთ, დაახლოებით 9-10 მილიონი დოლარის იყო მარტო ეს ყველაფერი და ასე ჩაიგდეს ხელში მილიონ ნახევარ ლარად,“ - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.