ეს არის უბრალოდ ლობისტური ჯგუფების მიერ დამუშავებული აქტი. ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი და რაშიც ფულს გადაუხდიან იმას დაწერს და იტყვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა „მეგობარი აქტის" საპასუხოდ მკვეთრად განმარტა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუ რამდენი სიცრუე წერია ამ „მეგობარ აქტში“.
„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში რა ნაბიჯებიც ჩვენ გადავდგით, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის და ფაქტებიც ადასტურებს, რომ ჩვენ შევდექით, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, თავმოყვარე სახელმწიფო და ყველანაირ უსამართლობას ჩვენ პასუხს ვცემთ. ეს რაღაც გამოგონილი მეგობრობის აქტი თუ მეგობრული აქტი, რომელიც რეალურად მტრული აქტია და ფაქტობრივ უზუსტობებზეა დაყრდნობილი, მასში ძირითადი სამი ხაზი აქვთ გატარებული, რომელიც არის აბსურდული და ჩვენ ამ აბსურდზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაგვეცა, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ჩვენი მოსახლეობა არის ძალიან ამაყი, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი ერი, ამხელა ტრადიციების ერი და რა თქმა უნდა, ჩვენგან ელოდნენ ადეკვატურ პასუხს. ეს პასუხი იყო ადეკვატური პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განვმარტეთ, თუ რამდენი სიცრუე წერია ამ მეგობარ აქტში.
ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო ამ აქტზე მუშაობა, ავანგარდშია ჯო უილსონი და ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხული იყო, როდესაც საუბრობდნენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩაბრძანდებოდა მონღოლეთში და ამბობდა, რომ დემოკრატიის ოაზისი არისო. ინერციით მიმდინარეობს ეს აქტი, იქ არის საუბარი მაგალითად იმაზე, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენებისგან. რა გავლენებზეა საუბარი? ჩვენ რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ერთი მაგალითი ვერავინ მოგვიყვანა, თუ რა რუსული საქმე გავაკეთეთ და არანაირი დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს მათთან. რუსეთი ოკუპანტია და რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური საუბარი, როდესაც დაიწყება ეს საუბარი, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის საკითხების გარშემო. ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა. სად არის აქ ჩინური გავლენა? პარტნიორობაა გავლენა ან ჩინეთი, რომელთან დაახლოებაც სურს მთელს მსოფლიოს? ირანის გავლენებიც სად იგრძნობა? იქნებ ვინმემ რამე მაგალითი მოგვიყვანოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ტყუილებით გაჯერებული, ეს არის საკენკი ოპოზიციისთვის, რომ რაღაც ჟანგბადი მიაწოდონ.
კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს აქტი რომ კანონად იქცეს ეს არაფერს ავალდებულებს. იქ რაც წერია, ამის სისრულეში მოყვანა შეეძლო მას 1 თვის წინაც, დღესაც შეუძლია და ხვალაც შეეძლება. ეს არის უბრალოდ ლობისტური ჯგუფების მიერ დამუშავებული აქტი. ბატონი ჯო უილსონი, რომელზეც გამოირკვა, რომ თურმე ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, შემდეგ დროშებით ვაჭრობდა. პრემიერ კობახიძესაც მისწერა ადრე წერილი, თქვენ თუ არ გამომიყენებთ მერე სხვა გამომიყენებსო. ასეთ ადამიანთან გვაქვს ურთიერთოაბა. ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი და რაშიც ფულს გადაუხდიან იმას დაწერს და იტყვის“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.