რამაზ საყვარელიძე: თუ საქართველოს სოციალურ ქსელებს დავაკვირდებით, რუსეთთან სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია. ხელისუფლება ამ რუსოფილურ განწყობებს არ იყენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სხვა გეგმა აქვს, არ მიდის ჩელიაბინსკში

რამაზ საყვარელიძე: თუ საქართველოს სოციალურ ქსელებს დავაკვირდებით, რუსეთთან სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია. ხელისუფლება ამ რუსოფილურ განწყობებს არ იყენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სხვა გეგმა აქვს, არ მიდის ჩელიაბინსკში

საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებით ხომ „ოცნება“ გამოცხადდება პოლიტიკურ კეთროვანად, რასაც ნაწილობრივ ვაკვირდებით კიდეც. რუსეთზე ორიენტაცია რომ არაა დასავლეთის რისხვის რეალური მიზეზი, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თუ საქართველოს ვექტორი აწუხებდათ, შეწყვეტდნენ ზეწოლას, ზეწოლით ხომ უფრო უბიძგებენ რუსეთისკენ „ოცნებას“,  - ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან გაიხსენა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლა აშშ-ის კონგრესში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების კურსის რუსეთისკენ ცვლილების დამადასტურებლად ეკა გიგაურმა „ქართული ოცნების“ მიერ დასავლეთის კრიტიკა დაასახელა, რაც, საყვარელიძის თქმით, არადამაჯერებელი არგუმენტი იყო.

„ქართველი ოპოზიციონერი ენჯეო-ები დაიბარეს კონგრესში ბაიდენის ხელისუფლების დროს და ამ შეხვედრის ტელეტრანსლიაცია იყო. ჯიმ რიშმა დასვა კითხვა - რაში ხედავთ ხელისუფლების კურსის რუსეთისკენ შეცვლასო. ეკა გიგაურმა უპასუხა - დასავლეთის კრიტიკაშიო.
არგუმენტმა დიდი ენთუზიაზმი არ გააჩინა, რადგან უფრო ხელშესახები საბუთია საჭირო. მაგალითად, დღეს დასავლეთის კრიტიკით მთელი მსოფლიოა დაკავებული, ყველა რუსეთისკენ მიდის? უფრო დამაჯერებელი არგუმენტი ქალბატონ ეკასაც კი არ ჰქონდა. ესე იგი რუსეთზე ორიენტაცია მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებაა, რომლის გაჟღერება აწყობს ყველა ოპოზიციურ ძალას და დასავლეთის წრეების დიდ ნაწილს." -  აღნიშნა მან.

საყვარელიძის განცხადებით, ჩანს, რომ საქართველოს ხელისულება საკუთარ ინტერესებზე უარს მოსკოვის გამოც არ იტყვის, ხოლო ქართულ სოციალურ ქსელებს თუ დავაკვირდებით, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია. ამგვარი განწყობების მიუხედავად, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩელიაბინსკში არ მიდის და მას სხვა გეგმა აქვს. 

„შვილს თუ ძალიან მკაცრად ექცევა ოჯახი, ხშირად ოჯახიდან გარბის ახალგაზრდა. ზეწოლაზე ამგვარი რეაქცია იმდენად ბუნებრივია, რომ ხანდახან გაიფიქრებ, დასავლეთი თავად ხომ არ გვიბიძგებს რუსეთისკენო.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იგი არც მოსკოვის გამო აპირებს თქვას უარი თავის ინტერესებზე. თუ საქართველოს სოციალურ ქსელებს დავაკვირდებით, რუსეთთან სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყების მომხრე ბევრია.

ხელისუფლება ამ რუსოფილურ განწყობებს არ იყენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სხვა გეგმა აქვს, არ მიდის ჩელიაბინსკში.

ერთმა კრიტიკულმა და საღმა პოლიტოლოგმა საჯაროდ დააყენა საკითხი: ამიხსენით, რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს, რომ პუტინს აჩუქოს ის ქვეყანა, რასაც ახლა თავად განაგებსო. ვეთანხმები ამ პოლიტოლოგს, გაუგებარია რატომ უნდა მიჰქონდეს ივანიშვილს საქართველო რუსეთში. ისიც გაუგებარია რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს საქართველო. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით სხვა ქვეყნის რჩენისთვის საჭირო სახსრების დახარჯვა რუსეთს აღარ უნდა, ბელორუსიას, სომხეთს, აფხაზეთს არ იერთებს, აღარ შეუძლია.“ -  განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.