ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, ყველასთვის არის გამოწვევა დემოკრატიული სისტემების ცვლილება ავტოკრატიულისკენ.
„ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას ვერ აღწევს, რასაც ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში. ასეთი იზოლირებული და სანქცირებული ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს მისი უახლესი ისტორიის განმავლობაში. ეუთო-ოდირის დასკვნაშიც იყო აღნიშნული ის დარღვევები, რომელზეც საუბრობდა, მათ შორის ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც გაცხადებული კურსი შეიცვალა, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ადამიანები აწამეს. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყნის სიტუაციას, უფრო კონკრეტულად უნდა აღიქვამდე პროცესს და საარჩევნო პროცესი არ არის საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.