პრაქტიკამ გვაჩვენა ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს გრანტები და ის ორგანიზაციები, ვინც ამ გრანტების მომხმარებლები არიან საქართველოში, მაგალითად როგორიც არის „ისფედი“, ძირითადად ემსახურება არჩევნების დისკრედიტაციას, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართული არჩევნების წინააღმდეგ შეტევა და დისკრედიტაციის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან USAID ჩაეხსნა, ახლა ბრიტანეთის ფონდებიდან გრძელდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.