1991 წლის 31 მარტს, როგორც რეფერენდუმის დღეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველებთან ერთად ხმა მისცეს აფხაზებმა და ოსებმა, ქვეყნის სრული სუვერენიტეტი კი მიუღწეველია ამ ერთობის აღდგენის გარეშე.
„დღეს რეფერენდუმის დღეა. საქართველოს მოსახლეობამ 1991 წლის 31 მარტს ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. მაშინ რეფერენდუმი ჩატარდა მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთშიც და მაშინდელ სამხრეთ ოსეთშიც. ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა ჩვენთან ერთად ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს დღე ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია და სანამ ეს ერთობა არ აღდგება, მანამ ქვეყნის სუვერენიტეტი ვერ იქნება დაცული.
დღევანდელი დღე გვახსენებს იმ ბრძოლის ქრონიკებს, რაც გადავიტანეთ გასული საუკუნის ბოლოს და რაც გადაგვაქვს დღეს. რეფერენდუმის შედეგად აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ აღმდგარა ჩვენი სუვერენული უფლებები. უფრო მეტიც, ძალიან დიდხანს მოგვიწია ცხოვრება მოჩვენებით დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რეალურად კი ისევ სხვაზე დამოკიდებული ვიყავით. საბედნიეროდ, ეს დრო მთავრდება, მაგრამ ვერ მივაღწევთ სახელმწიფოს სიძლიერეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ერთად დავიწყეთ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ერთად უნდა შევძლოთ სუვერენული სახელმწიფოს აშენება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტი ასევე ეხმიანება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელიც 31 მარტს აღინიშნება.
„დღეს ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ყველას გვახსოვს მისი სიტყვები:-“საქართველოს გზა ქრისტეს გზაა, გოლგოთის, ჯვარცმის და გარდაუვალი აღდგომის”.
ჩვენ ამ გზას გავდივართ უკვე რამდენი საუკუნეა. ამ გზას მივუყვებით დღესაც და გვჯერა გარდაუვალი აღდგომის!“ - წერს ჩიბურდანიძე.