შალვა პაპუაშვილი: ღმერთმა დაგვიფაროს, არჩევნების ლეგიტიმაცია ფასდებოდეს იმით, მონაწილეობს, თუ არა მასში „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პარტია და მისი საცეცებია, ვინც წამლავს დემოკრატიულ არჩევნებს

შალვა პაპუაშვილი: ღმერთმა დაგვიფაროს, არჩევნების ლეგიტიმაცია ფასდებოდეს იმით, მონაწილეობს, თუ არა მასში „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პარტია და მისი საცეცებია, ვინც წამლავს დემოკრატიულ არჩევნებს

ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში არჩევნების ლეგიტიმაცია ფასდებოდეს იმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს, თუ არა. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ზუსტად ის არჩევნები იქნება ყველაზე დემოკრატიული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას – რა მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდებით 4 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო და კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოფს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ექნება თუ არა ასეთ მოცემულობაში ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება და რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს იმ ამომრჩეველთან, რომელმაც ოთხ ოპოზიციურ პარტიას ბარიერის გადალახვის საშუალება მისცა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც არის თავისუფალი კონკურენცია, იქ გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქნებიან ამ შემთხვევაში უკვე სამართლიანი კონკურენციის მონაწილეები.

„ამომრჩეველს თავად ამ პარტიებმა შეაქციეს ზურგი მაშინ, როდესაც უარი თქვეს თავიანთ მანდატზე და მათ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, საკუთარი ფრუსტრაცია მიმართონ იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც მათ მანდატს უღალატეს. დღეს სინამდვილეში, ალტერნატიული პოლიტიკური აზრი დაჩაგრულია საქართველოში, ვინაიდან ალტერნატიული ველი მთლიანად ოკუპირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგით, მათი უცხოელი დამკვეთებით და რეალურად, ალტერნატიული აზრი ვერ გადის. სხვათა შორის, თავადაც აღიარებდნენ, რომ არჩევნების დროს ასე ვთქვათ, ყალბი სოლიდარობა იყო გარკვეულწილად იმისთვის, რომ თითქოს, ერთ ფრონტად ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, დაკარგა საკუთარი სახე ზოგმა სხვა პატარა პარტიამ. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი საცეცების ჩამოშორება პოლიტიკურ ლანდშაფტს მისცემს შესაძლებლობას, რომ ახალი ჯგუფებიც წარმოიქმნას და მათ, რომლებიც ახლაც არსებობენ და დანაშაულში ხელი არ აქვთ გასვრილი, ჰქონდეთ სამართლიანი კონკურენცია, შინაარსზე დაფუძნებული დისკუსია და ამით მოქალაქეებსაც ჰქონდეთ კარგი არჩევანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იქნება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რადგან ზუსტად „ნაციონალური მოძრაობა“, მისი საცეცებია, ვინც დღეს დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს წამლავს.

„კიდევ ერთხელ მივუბრუნდები 2024 წლის არჩევნებს. გახსენდებათ რამე თემები რომ ჰქონდა ოპოზიციას ამ არჩევნებზე? დავდიოდით ჩვენ, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ და ვაცნობდით მოსახლეობას, რა იყო ჩვენი დღის წესრიგი, მივედით ყველა ოჯახში და ყველა კარზე დავაკაკუნეთ, ოპოზიცია კი სტუდიებიდან არ გამოდიოდა, პროპაგანდისტული ორი სლოგანი ჰქონდათ არჩეული და ამ სლოგანში ჩაიკეტნენ, გამოაცხადეს რეფერენდუმად და რეფერენდუმშივე დამარცხდნენ. ამიტომ, არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იქნება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები. ზუსტად „ნაციონალური მოძრაობა“, მისი საცეცებია, ვინც წამლავს დღეს დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.