პარლამენტთან არიან უმუშევრად დარჩენილი „ენჯეოები“, რომლებსაც აშშ-მა დაფინანსება შეუწყვიტა. ნაცვლად იმის, რომ გაბრაზდნენ თავიანთ დამფინანსებელზე, ისევ საქართველოს პარლამენტზე ბრაზდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მათ ერთი კრიტიკული სიტყვაც არ უთქვამთ რომელიმე დონორზე.
ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია რასაც საუბრობს, ამას ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო სამი წელიწადია, მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომთან, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით. ამას ხომ ყველაფერს ვამბობდით და ამის გამო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვიყავით. სად არიან ის „ენჯეოები“, თავად აშშ-მა რომ შეუწყვიტა დაფინანსება? პარლამენტთან არიან უმუშევრად დარჩენილი „ენჯეოები“.
ნაცვლად იმის, რომ გაბრაზდნენ თავიანთ დამფინანსებელზე, ბრაზდებიან ისევ საქართველოს პარლამენტზე და ეს ცოტა გაუგებარია. შეგახსენებთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით, ეს დაჯგუფებული „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ ამის გამო ენჯეოსექტორი დაიხურება. მივიღეთ კანონი, სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, აბსოლუტური უმეტესობა, 80 პროცენტი მოიქცა კეთილსინდისიერად, დარეგისტრირდა და გამჭვირვალე გახადა საკუთარი ფინანსები. 483 ორგანიზაცია არის დღეს დარეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში, რეგისტრაციას ეწინააღმდეგება 120 ორგანიზაცია. ანუ, ჩვენ, საერთო ჯამში, გავარკვიეთ, რომ საქართველოში არსებობს დაახლოებით 600 „ენჯეო“, რომელსაც აქვს უცხოური დაფინანსება. აქედან ხუთასამდე „ენჯეო“ იქცევა კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ, ცდილობს, ქართველი ხალხის წინაშე იყოს პასუხისმგებლიანი და 100 „ენჯეო“ მალავს თავის დაფინანსებებს. მალავენ, რადგან შემდეგ აღმოჩნდება, რომ საპროტესტო აქციების აღჭურვილობას იძენენ, ჯარიმებს იხდიან, ამით აქეზებენ კანონდარღვევას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, თუ რაიმე ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ დარჩნენ სამსახურის გარეშე, დარჩნენ იმის გამო, რომ გაუუქმდათ გრანტები. აბა, ერთი გაბედონ და გადაბრუნებული სიტყვა თქვან საკუთარი დამფინანსებლის წინააღმდეგ. მათ ინტერესებს არ ვატარებთო, რომ ამბობდნენ, რატომ ვერაფერს ამბობენ? გაგიგონიათ, „იუესაიდზე“ ერთი კრიტიკული სიტყვა ეთქვა რომელიმე „ენჯეოს“, რომელიც ზოგი, ფაქტობრივად, დაიხურა ან ფინანსურ კრიზისშია? ერთი კრიტიკული სიტყვა თქვეს რომელიმე დონორზე? რატომ ვერ ამბობენ, რადგან მათ ინტერესს ატარებდნენ, მათი ხელიდან იკვებებოდნენ და ეშინიათ, რომ თუ შემობრუნდა და კვლავ ფინანსები გაუჩნდა „იუესაიდს“ და მსგავს ორგანიზაციას, შემდეგ გაბრაზებულებმა უარი არ უთხრან დაფინანსებაზე. ამანაც გვანახა, რამდენად გახრწნილია ენჯეოსექტორი საქართველოში, რომელიც პირდაპირ ჩამოკიდებულია დონორებზე და ჩვენს ქვეყანაში დონორების ინტერესების განმახორციელებელი არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.