სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობასთან დაკავშირებით.
„გახსოვთ მათი საგარეო საქმეთა მინისტრები, საგარეო კომიტეტების ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ღია ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, სრულიად უსამართლო სანქციების დაწესება და ასე შემდეგ. ახლაც უკვე ვადაგასული პრეზიდენტის ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს „დიფ სთეითს“ და იმ ძალებს, რომლებსაც არ სურთ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, მთავარ ინსტრუმენტად სწორედ ეს სამი ქვეყანა დარჩათ. სამწუხაროდ, ამაში აქტიურად არის ჩართული სალომე ზურაშვილიც, რადიკალური ოპოზიციაც, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.