ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას და რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას და რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის, მარკ ქულსის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა.

გამოქვეყნებული დასკვნის ანალიზის ნაწილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და მითითებულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.

დასკვნით ნაწილში, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აძლიერებს მაჟორიტარულ კომპონენტს ადგილობრივ საარჩევნო კანონმდებლობაში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი განმტკიცება.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ევროპული სტანდარტები, რომლებიც ავალდებულებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას ადგილობრივი საბჭოების არჩევისთვის, ეს ცვლილებები, თუ უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ხელს არ უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებას. გარდა ამისა, მათ შეიძლება, ზიანი მიაყენონ თანასწორი ხმის მიცემის პრინციპს, განსაკუთრებით, საარჩევნო უფლების სამართლიანი განაწილებასა და საარჩევნო პროცესში თანაბარი შესაძლებლობებთან მიმართებაში“, – აღნიშნუმულია კომისიის დასკვნაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:

„2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების საზღვრების მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელიც უნდა ადგენდეს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს საარჩევნო ოლქების განსაზღვრისთვის; მომავალი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზღვრების დადგენის მინდობა მიუკერძოებელი სასაზღვრო ორგანოსთვის; საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი დამატებითი ცვლილება უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ რეფორმას, ხშირი და ფრაგმენტული კორექტირებების ნაცვლად, და უნდა პატივს სცემდეს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს; საარჩევნო კოდექსის ასეთი ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და პასუხობს წინა რეკომენდაციებს; ფართო კონსენსუსს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შემდეგ; და პოლიტიკურ ვალდებულებას სრულად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებით და საშუალებებით, რომლითაც დროულად შეფასდება ნებისმიერი სავარაუდო შეუსრულებლობა“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

ამასთან, როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის განკარგულებაში ამ საკითხზე შემდგომი დახმარებისთვის.