უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მან ისაუბრა „გრანტების შესახებ“ კანონზე, რომლითაც საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ემსახურება იმას, რომ დაფინანსდნენ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა რეალურად ემსახურება სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.
„არასამთავრობო სექტორში არსებული პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა და საჯაროდ გახდა ცნობილი USAID-ის სკანდალის შემდეგ. ჩვენ უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ეს ბუნებრივია იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი არ იღებს პოზიტიურ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში იმ კუთხით, რა კუთხითაც მაგალითად გრანტების შესახებ კანონით არსებული ცვლილებებით, თვითონ სახელმწიფომ გადაწყვიტა, დაეფინანსებინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიზნები ეხება უშუალოდ სახელმწიფოს, ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პოსტი გააზიარა. „დიდებული იდეაა“ - მასკი ამ კომენტარით გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ „ენჯეოების“ გაუქმებით ამერიკელების პრობლემების უმეტესობა აღმოიფხვრება.