სამწუხაროდ, ბატონი ხაზარაძე არ ემსახურება საქართველოს. იგი ემსახურება ხან აშშ-ს, ხან სხვა ქვეყნებს, ხან ჯამში - „დიფ სთეითს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ლელოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ითანამშრომლებს ყველასთან, სადაც ინტერესების თანხვედრა იქნება, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესი ყველაზე მეტად დაკმაყოფილდება.
„ბატონი ხაზარაძის იმ განცხადებასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გააკეთა, რომ აშშ-მა უნდა გააძლიეროს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა დაიცვას თავისი ინტერესები შავ ზღვაზე.
ვინ აძლევს ამ განცხადებების გაკეთების უფლებას?! - პირველ რიგში, მან უნდა იზრუნოს საქართველოზე, მაგრამ ეს მისი მხრიდან გამორიცხულია და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება, ძალიან ბევრ სხვა განსხვავებასთან ერთად, ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.