აქ არ არის საუბარი ხელისუფლების მტრობაზე, აქ საუბარია საქართველოსა და ქვეყნის მტრობაზე, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ სანქციებთან დაკავშირებით.
„აქ არ არის ხელისუფლებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს მტრობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მტრობაზე. ეს სიები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან. როგორც წესი, მერე აპელაციის გარეშე ისე, რომ კონკრეტული ადამიანების თანამდებობასაც კი აღარ კითხულობენ ხანდახან ვის რა თანამდებობა უკავია, პირდაპირ უაპელაციოდ წერენ სიაში. სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოსა და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთად შევძელით თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირისთვის, ახლა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.