პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი უკრაინაში არსებულ კორუფციას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, უკრაინაში არსებული კორუფციის გამოძიება, რასაც აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, თვალს აუხელს საზოგადოებას, რადგან როდესაც ომში ქვეყნის ხელისუფლება ჰპარავს ფულს საზოგადოებას ეს ბევრად მძიმე დანაშაულია, ვიდრე უბრალოდ კორუფცია.
სოზარ სუბარმა ისაუბრა თუ როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე ომის გაგრძელება საქართველოზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, მინიმუმ იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების ის მრავალმხრივი ვექტორები, რომლებსაც ამ წლების მანძილზე ვავითარებდით“- განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომის დამსახურებაა, რადგან მშვიდობის შემთხვევაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება.
„უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციაში ღიად საუბრობენ, ბევრ რამეზე აუხელს თვალს უკრაინელ ხალხს. კარგად მესმის, როდესაც ქვეყანა ომშია, ხალხი ბევრი რამეს პატიობს ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც სწორედ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ჰპარავს ფულს ხალხს (ლაპარაკია ათობით მილიარდ დოლარზე), ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე კორუფცია შეიძლება ყოფილიყო ჩვეულებრივ ვითარებაში.
რაც შეეხება ომის დამთავრებას, შესაძლოა ისე სწრაფადაც არ დასრულდეს ომი, როგორც ეს ტრამპის ადმინსტრაციას სურს. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აისახება ომის გაგრძელება საქართველოზე, ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის რეგიონში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ცდება, ან შეგნებულად იტყუება, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების მანძილზე, არის უკრაინაში მიმდინარე ომის დამსახურება, თითქოს ჩვენ რაღაც სარგებელს ვნახულობთ ამ ომიდან. ეს ასე არ არის, პირიქით თუ იქნება მშვიდობა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, მინიმუმ იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების ის მრავალმხრივი ვექტორები, რომლებსაც ამ წლების მანძილზე ვავითარებდით,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.