შალვა პაპუაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. მიზანი ერთია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად იქცეს

შალვა პაპუაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. მიზანი ერთია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად იქცეს

ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი ინტერესი - ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს ერთადერთი ინტერესი - ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდათ იბრძოლონ, ამის ნაცვლად ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით ყურადღება გადაატანინონ რუსეთს სხვა საკითხებზე. არანაირი სხვა ინტერესი ჩვენი ხალხის მიმართ გარდა იმისა, რომ ჩვენი ვიყოთ ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ მათ არ აქვთ.

ამით ხომ პირდაპირ ლუსტრაცია ხდება. თავად ლუსტრაციის მოსიარულე კანონები არიან იმიტომ, რომ ჩანს პირდაპირ, რომ არიან ზუსტად იმ დედაქალაქებში, რომლებიც ცდილობენ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლას და ჩანაცვლებას მათთვის სასურველი მარიონეტული ხელისუფლებით. სხვათა შორის, სხვა საკითხია ვისი ფინანსებით დადიან. ესეც საინტერესოა. ამაზე ილაპარაკონ ერთი, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები არიან და სხვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ. ეს კიდევ ცალკე საკითხი არის და ერთი ამაზე ისაუბრონ, აჩვენონ საზოგადოებას გამჭვირვალედ ან ბილეთი როგორ იყიდეს, ან განთავსება ვინ გადაიხადა და ვისი ფულით დადიან ამ საზღვარგარეთის ტურებში იმისთვის, რომ დაეხმარონ ზოგიერთ უცხო ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს დღეები ძალიან ნიშანდობლივი იყო. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, დღეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და განსაკუთრებით სწორედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გამოირჩევიან.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ და ნახეთ, რომ შეწყდა ყველა დაფინანსება, რომელსაც თავად პრეზიდენტ ტრამპის აღიარებითვე მის აღმასრულებელ განკარგულებაში წერია პირდაპირ, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის და ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, რომლებიც გამოცდილი იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში, უფრო ფარულად, არაპირდაპირ დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრი არის. ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ. პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკვე აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური „ენჯეოები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ზოგიერთი სხვა.

„ჩვეულებრივი ესტონური „ენჯეოებით“ დღეს გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, ყველაფერი, მთელი ეს სცენარი, როგორც ჩანს, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლებების გამოუცდელობიდან გამომდინარე, პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება. იცით, რომ ერთის მხრივ, ნახევრად აღიარების თუ არ აღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ ასევე ბოლო დღეებში სანქციებს, რომლებიც დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონური როგორც გამოჩნდა საბოლოო ჯამში. ფაქტია, რომ ესტონეთის თავქარიან საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოდგენა არ აქვს საქართველოში პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, ეს სია შედგენილი არის ესტონური „ენჯეოს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, მათი მთავრობის დავალებით, რომლებიც მოქმედებენ იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება. მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას საქართველოს მიმართ აქვს - ეს არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა და სურვილი არის, როგორც ჩანს, რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.