შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვს ეს ეჭვიო, აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვს ეს ეჭვიო, აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა

„ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვს ეს ეჭვიო, აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა და არანაირი ხელმოსაკიდი ფაქტი მას არ ჰქონდა. ასე რომ სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მედიის წარმომადგენლის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან, რა დროსაც კვერცხები ესროლეს, „ქართული ოცნება“ დგას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხშირად აქვს უსაფუძვლო ეჭვები, რომელსაც შემდეგ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს.

კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დეტალები უცნობია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან თავის დროზე, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, დაგმო ძალადობა.

„ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით საქართველოში იქმნება და რომლის თანამონაწილეც არის მათ შორის ქალბატონი სალომე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები“, ეს ძალადობრივი გარემო რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.