ყველამ ნათლად უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ხალხი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი არ არის. ეს ხალხი პოლიტიკაში იმისთვის არ არის, რომ ოპონირება გაგიწიოს და შეეცადოს, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეს , - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა, როგორ იმოქმედებს რადიკალური ოპოზიცია მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის არჩევნების ჩატარება, მისი მოგება ამოცანას არ წარმოადგენს.
„რადიკალური ოპოზიციისთვის ამოცანა იყო ამ ქვეყნის არევა, რევოლუციური სიტუაციის გამძაფრება და ამ არეულობის შემდეგ მთავრობის გადაწევა ხელისუფლებიდან და საქართველოს „პროქსი ომში“ (proxy war) ჩართვა. იმავე სცენარს აგრძელებენ. რაიმე სიახლე კი არ არის.
მოსახლეობამ უკვე დაინახა, რომ მიუხედავად იმისა, საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ადამიანებისა ამ ხალხს მისცა ხმა, პარლამენტში არ შემოვიდნენ და არ გააგრძელეს ოპოზიციური საქმიანობა, რაც მათ თავისმა ამომრჩეველმა დააკისრა. შემდეგ არჩევნებზე ახლა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - მიიღებენ, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მაინც არ დაადგებიან ხელისუფლების ოპონირების გზას. ისინი მაინც რევოლუციური საქმიანობის გზას გააგრძელებენ და ამას პარლამენტში, თუ ქუჩაში გააგრძელებენ, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ყველამ ნათლად უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ხალხი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი არ არის. ეს ხალხი პოლიტიკაში იმისთვის არ არის, რომ ოპონირება გაგიწიოს შენ და შეეცადოს, არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს ხალხი არის დაქირავებული ამრევი, „დიფ სთეითის“ აგენტურა. ეს ერთადერთი ამოცანაა და ისინი სხვა რამეს ვერ გააკეთებენ - ასეთია, აგენტის ბედი. ის ასე თავის ხელმძღვანელს ვერ მოწყდება. მან უსიტყვოდ უნდა შეასრულოს მათი დავალებები. რა თქმა უნდა, ეს ხალხი კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოში არეულობის შემოტანას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.